English / ქართული / русский /
ჯილდა ჭეიშვილი.
მოსახლეობის დამოკიდებულება თაობათა განახლების პროცესზე

ანოტაცია. ნაშრომში განხილულია  მოსახლეობის  შეხედულებები თაობათა  ცვლის და განახლების პროცესისადმი.ქვეყანაში შექმნილი დემოგრაფიული კრიზისის, კერძოდ, მოსალოდნელი დეპოპულაციის  შესწავლის მიზნით, ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა, რამაც საშუალება მოგვცა, გამოგვევლინა მოსახლეობის დამოკიდებულება ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ, კერძოდ შობადობის ტენდენციებზე. 

საკვანძო სიტყვები: მოსახლეობა, შობადობა, მოკვდაობა, კრიზისი 

აქტუალობა. უკანასკნელ ათასწლეულში საქართველოში განვითარებულმა სოციალურ-ეკონომიკურმა კრიზისმა, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლამ, დევნილთა ნაკადმა, გაზრდილმა უმუშევრობამ, ასევე მიგრაციისა და ურბანიზაციის მომატებულმა ინტენსივობამ უარყოფითად იმოქმედა  ქვეყნის დემოგრაფიულ განვითარებაზე. საქართველოში შვილების თაობა მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული პროგნოზების მიხედვით, მოსახლეობის კლების ასეთი ტენდენციით გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2050 წლისათვის განახევრდება, რის შედეგადაც ქართველი ერი გადაშენების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

საქართველოს თანამედროვე დემოგრაფიული მდგომარეობა სისტემური კრიზისის ხასიათს ატარებს, რომელიც შემდეგ პრობლემებს მოიცავს: მოსახლეობის რაოდენობის და შობადობის შემცირება, მოკვდაობის ზრდა დემოგრაფიული დაბერების ინტენსივობის პირობებში, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის დეფორმაცია და რეგრესული ტიპის სტრუქტურის ჩამოყალიბება, გარე და შიდა მიგრაციის ფართო მასშტაბები და ა.შ.

 ამ თვალსაზრისით, საინტერესოა როგორია მოსახლეობის დამოკიდებულება თაობათა განახლების პროცესისადმი, კერძოდ:

1. ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ ტენდენციაზე;

 2.შობადობის შემცირებაზე;

3.დემოგრაფიულ პოლიტიკაზე (განსაკუთრებით შობადობის წამახალისებელი რეგულაციების). 

კვლევის მეთოდოლოგია. კვლევა ჩატარდა  სტრატიფიცირებული, მრავალსაფეხურიანი, რანდომული შერჩევის მეთოდოლოგიით და შეირჩა საქართველოს ორი რეგიონი, სადაც ძირითადი დემოგრაფიული ინდიკატორების მახასიათებლები ყველაზე განსხვავებულია (იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი).

საკვლევ რეგიონში გამოიყო 16 სტრატა. პიროვნებების შერჩევა  მოხდა  მრავალსაფეხურიანი კლასტერული რანდომული შერჩევის მეთოდოლოგიით, ე.წ „კიშის ცხრილის“ საშუალებით.

კვლევის შედეგად მიღებული მასალის ანალიზისას შეირჩა გარკვეული მახასიათებელები (ცვლადები). დამუშავდა  მონაცემები SPSS (ვერსია N23) პროგრამის საშუალებით. მეთოდებიდან გამოყენებულ იქნა აღწერილობითი ანალიზი მარტივი T- ტესტისა და რეგრესული ანალიზის მეთოდის საშუალებით. 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 780 მოქალაქემ, ქალი რესპონდენტების რაოდენობა აჭარბებდა მამაკაცებისას. 64.4% იყო დაქორწინებული, უმეტესობას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, სამუშაო სტატუსის მიხედვით დაფიქსირდა ყველაზე დიდი რაოდენობა  არაანაზღაურებადი სამუშაო სტატუსის მქონე პირების (უმუშევარი შრომისუნარიანი). კომლის წლიური შემოსავლების საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა 1587.4 ლარი. 

კვლევის შედეგები    

ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ტენდენციის შესწავლისას გამოკითხული მოსახლეობის ყველაზე დიდი პროცენტული გადანაწილება მოდის 18-44 წლის მამაკაცებზე, რომლებმაც სწორად და ზუსტად იციან, რომ საქართველოს დემოგრაფიული მომავალი საფრთხეშია.  დაახლოებით 14.7-18%-ზე არის გადანაწილებული იმ ქალებისა და მამაკაცების რიცხვი (ყველა ასაკის შემთხვევაში), რომელთაც საწინააღმდეგო აზრი აქვთ და თვლიან, რომ მოსახლეობის რაოდენობა მატულობს საქართველოში, ხოლო, რაც შეეხება შობადობის ტენდენციის შეფასებას, რესპონდენტებიდან ქალების 14% და მამაკაცების 22.9% ფიქრობს, რომ შობადობის რაოდენობა მატულობს ქვეყანაში.

განათლებასთან მიმართებაში, დემოგრაფიული და შობადობის ტენდენციის შეფასებისას,  გამოიკვეთა პოზიტიური კორელაცია განათლების დონის მიხედვით. ეს ლოგიკურიცაა. რაც იზრდება განათლების დონე, დემოგრაფიული, კონკრეტულად შობადობისადმი ინტერესი მეტია, ვიდრე დაწყებითი ან საშუალო განათლების მქონე პირებში.

ქვეყანაში არსებული შობადობის ტენდენციის შესწავლისას მოსახლეობის 11% -ს მიაჩნია, რომ  ქვეყანაში ჯერ კიდევ „ბობოქრობს“ შობადობის „ბუმი“.

 შობადობის ზრდის შესახებ აზრის დაფიქსირება, ჩვენი აზრით, გამოწვეულია  ბოლო წლებში ქვეყანაში დაბადებულთა საერთო რაოდენობაში მესამე და შემდგომი ბავშვების წილის  ზრდით, რაც პატრიარქის მიერ მესამე შვილის ნათლობის ინიციატივის შედეგია, რამდენადაც გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა ამ კითხვის პასუხად ასახელებდა პატრიარქის მიერ   ბავშვთა საყოველთაო ნათლობას (სამი და მეტი შვილის შემთხვევაში), ხოლო ბოლო წლებში ქვეყანაში შობადობის კლების ტენდენციაზე, როგორც ჩანს,  მოსახლეობა ჯერ  არ არის ინფორმირებული.

იმისათვის, რომ შეგვეფასებინა გამოკითხული რესპონდენტების განწყობა შობადობაზე, დავსვით კითხვა _ რამდენი შვილი გყავთ და რამდენი შვილის გაჩენას აპირებთ  სამომავლოდ - სავარაუდო პასუხებში მივუთითეთ  ვარიანტები, რომელზეც შესაძლებელია ეფიქრა რესპონდენტს,  სქესობრივ-ასაკობრივი, განათლების დონის, ოჯახური მდგომარეობის და დასაქმების მიხედვით.

პირველი დამოკიდებული ცვლადი შევადარეთ დამოუკიდებელ ცვლადს ოჯახური მდგომარეობის შესაბამისად. კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ  მოსახლეობა პოზიტიურადაა განწყობილი  შვილის გაჩენის (ყოლის) მიმართ, განსაკუთრებით, ქორწინებაში ჯერ არმყოფი რესპონდენტები (64.7 %).

 განათლების დონესთან მიმართებაში აღნიშნული ინდიკატორის შეფასებისას გამოიკვეთა უარყოფითი კორელაცია, კერძოდ, რაც იზრდება განათლების დონე (არასრული საშუალო, სრული საშუალო, პროფესიული, უმაღლესი) შვილის გაჩენის სურვილი თანდათან ქვეითდება.

შობადობაზე ასაკთან დამოკიდებულებაში გამოიკვეთა მოსახლეობის პოზიტიური განწყობა, სადაც ჭარბობს 18-24 წლის ასაკობრივი ჯგუფი  (28.2%). ყველაზე ნაკლებს ამავე ინდიკატორთან მიმართებაში შეადგენს 35-44 წლის ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტები (19.2%).

 აღმოჩნდა, რომ მოსახლეობაში ბავშვის ყოლის სურვილი (მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა) პოზიტიურ კორელაციაშია დასაქმებასთან.

ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო რეგულაციების  ეფექტიანობის გასარკვევად  შევისწავლეთ   შობადობის წახალისების მიზნით ქვეყანაში დღეს არსებული საკანონმდებლო აქტები და კანონები, კერძოდ:

1. დემოგრაფიული პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“ (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის დადგენილება №262), რომელიც ითვალისწინებს შობადობის მატერიალურ წახალისებას ყოველი მესამე და შემდგომი შვილის გაჩენის დროს (იმ რეგიონში, სადაც ბავშვის (ბავშვების) დაბადების წლის წინა მე-2 და მე-3 წელში წლიური ბუნებრივი მატების საშუალო დადებითი მაჩვენებელი არ ფიქსირდებოდა).

მთიან რეგიონებში მცხოვრებლებს მესამე და მომდევნო შვილზე ეძლევათ ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით, ხოლო ბარში მცხოვრებლებს - 150 ლარი. თანხა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა მანამ, სანამ პატარა ორი წლის გახდება.  პროგრამა 2014 წლიდან შეეხება შემდეგ რეგიონებს: გურიას, იმერეთს, კახეთს, მცხეთა-მთიანეთს, სამეგრელო/ზემო სვანეთს და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთს. 2017 წლის 1 იანვრიდან კი პროგრამაში ჩაერთო სამცხე-ჯავახეთი [218].

2. კანონი მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ (დამტკიცებული 16 ივლისი 2015 .N4036-რს ) (ე.წ „მთის კანონი“).

კანონის მე-4 მუხლი - ე პუნქტი მოიცავს: „ამ კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული პირველი ბავშვისა და მეორე ბავშვისათვის, რომელთა ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით 1 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების – არანაკლებ 100 ლარის – მიცემას, ხოლო მესამე ბავშვისა და ყოველი შემდგომი ბავშვისათვის – 2 წლის განმავლობაში ყოველთვიური ფულადი დახმარების –  არანაკლებ 200 ლარის – მიცემას“.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აღნიშნული პროგრამის მიმღები ოჯახების რაოდენობა მიმდინარე წელს მატულობს წინა წლებთან შედარებით, განსაკუთრებით იმერეთში, კახეთსა და გურიაში, ხოლო ე.წ. „მთის კანონის“ მიმღებთა რაოდენობა (2017 წლის მონაცემები) ყველაზე მაღალი ფიქსირდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ასევე ხაზგასასმელია რაჭა- ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მონაცემები, სადაც 2015 წელს ყველაზე მაღალი იყო ბენეფიციართა რაოდენობა, ამის მიზეზი, ჩვენი აზრით, გაზრდილი ურბანიზაცია უნდა იყოს, რადგან ასეთი მკვეთრი კლება ვერ მოჰყვებოდა თუნდაც შობადობის შემცირებას.

 კვლევის შედეგად მიღებული მასალების საფუძველზე გამოიკვეთა რომ, რესპონდენტების 39.5%-ს იმერეთში და 29.8%-ს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, არცკი სმენიათ აღნიშნული პროგრამის შესახებ. ჩვენს შემთხვევაში ბენეფიციარის მიმღები რესპონდენტების რაოდენობა ოთხი ერთეულით განსხვავდება ორივე რეგიონში. გამოკითხული რესპონდენტების დაახლოებით ნახევარმა იცის აღნიშნული პროგრამის არსებობის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდად არ მოქმედებს ეს ფულადი დახმარება მოსახლეობის მენტალიტეტზე, რადგანაც ნამდვილად არ გამოუწვევია შობადობის ისეთი მატება, როგორიც პატრიარქის საყოველთაო ნათლობის შედეგად განხორციელდა ქვეყანაში.

იმისათვის, რომ გამოგვეკვეთა მოსახლეობის აზრი იმ სურვილებთან და მოლოდინებთან დაკავშირებით, რასაც შესაძლოა მოჰყვეს შობადობის წახალისება ქვეყანაში, ჩამოვაყალიბეთ ღია კითხვა: „თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ მეტი ახალშობილი გაჩნდეს ქვეყანაში“.  ამასთან, რესპოდენტებს მივეცით საშუალება,  თავად გაეცათ პასუხი, რა სურვილები და მოლოდინები აქვთ სახელმწიფოდან, რომ მათი ტენდენცია და მიმართულება შობადობასთან დაკავშირებით შეიცვალოს.

სხვადასხვა პასუხები დავაჯგუფეთ შემდეგნაირად:

  1. შეიქმნას მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები მშობლებისათვის -რესპონდენტების უმეტესობა (34%) ზემოთ აღნიშნულ აზრს გამოხატავს შემდეგი სიტყვებით:  „მეტი შემოსავალი მეტი შვილების გაჩენაში დამეხმარება“, „მაღალშემოსავლიანი სამსახური დამეხმარება კიდევ მეტი შვილების გაჩენაში“ და აშ.
  2. მეტი უპირატესობა მიეცეს 2 წლამდე ბავშვის მშობლებს სამსახურში (შვებულება). 29% რესპონდენტებისა გამოხატავს ამ აზრს. „ორი შვილის დედა ვარ და 8 საათამდე მიწევს სამსახურში ყოფნა 500 ლარად. ჩემი ქმარიც გასულია და მუშაობს, არც კი გვიფიქრია მეტი შვილის გაჩენაზე“.
  3. 22% რესპონდენტების აზრი დავაჯგუფეთ პასუხში: გაიცეს მეტი ფულადი დახმარება. ისინი ამბობენ : „მე თუ ვიმუშავე ბავშვს გაზრდა ხომ უნდა“, „ბავშვებს მეტი სჭირდებათ“ და აშ.
  4. რესპონდენტების 15% თვლის, რომ თუ ქვეყანაში დეკრეტულის ვადა გაიზრდება ეს ზეგავლენს მოახდენს შობადობაზე. რესპონდენტი გვიყვება: „ჩემი ორსულობის მე-7 თვეზე გაკვეთილს ვატარებდი, როდესაც ვიგრძენი, რომ გული მიმდიოდა და იმავე დღესვე ამიღეს ანალიზები და სასწრაფო საკეისრო გამიკეთეს დაწყებული პრეეკლამფსიის  (ორსულობის მოგვიანებით პერიოდში განვითარებული ჰიპერტენზია) გამო“. მეორე რესპონდენტი: „სააფთიაქო ქსელში ვმუშაობ, მშობიარობიდან მე-2 თვეზე გავედი სამსახურში, ძალიან მიჭირდა მთელი დღე ფეხზე დგომა, თავს სუსტად ვგრძნობდი, მხოლოდ გვიან ვნახულობდი ჩემს პატარას, ბუნებრივი კვებაც მთლიანად შევაწყვეტინე, სხვა გამოსავალი არ ჰქონდა ოჯახს“ და ა.შ.  ყველა პასუხი ასახულია გრაფიკზე მე-2

 

                                                                                                 

გრაფიკი  2

რესპონდენტების უმეტესობა თვლის: _ იმისათვის, რომ გაიზარდოს ქვეყანაში შობადობა, სასურველია შეიქმნას მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები. ეს მიდგომა, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ მოსახლეობა ცდილობს თვითრეალიზებას ერთიანი სრული ოჯახის ფონზე. ბევრი კვლევა დაეთმო იმ საკითხის შესწავლას, სად არის მთავარი გასაღები ადამიანის შვილის გაჩენის სურვილის დროს? სად გადის ეს გზა, შეგნებაზე თუ ეკონომიურ მდგომარეობაზე? როგორც ვიცით, მსოფლიო მოსახლეობის მატება ეკონომიურად დაბალშემოსავლიანი ქვეყნების ხარჯზე ხდება, და მაინც, რა სჭირდება ქართველ ახალგაზრდებს მეტი თაობის გაჩენისათვის? კვლევებმა აჩვენა, რომ უმუშევრობის შემცირება პირდაპირპროპორციულად ზრდის შობადობის „ხარისხს“ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. ქართველებისათვის ხომ არ არის კავშირი არა მარტო შვილის გაჩენასთან, არამედ „ხარისხიანი“ მომავალი თაობის გაჩენასთან? როგორც კვლევიდან ირკვევა, მოსახლეობას შემწეობაზე მეტად მაღალანაზღაურებადი სამსახური სჭირდება. უმუშევრობა და მაღალანაზღაურებადი სამსახური ქვეყნის განვითარების საკმაოდ ძლიერი ინდიკატორია.

დასკვნა

საქართველოში თაობათა განახლების პროცესი რეგრესიული ხასიათისაა, მოსახლეობას არ აქვს საკმარისი ინფორმაცია დემოგრაფიისა და შობადობის ტენდენციაზე  ქვეყანაში.  მოსახლეობა უკმაყოფილოა ქვეყანაში შექმნილი საკანონდებლო რეგულაციებით, რომლებიც ნაკლებად ან თითქმის არ განაპირობებს შობადობის წახალისებას; 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. სულაბერიძე ა., წულაძე გ., გვრიტიშვილი ც., გომელაური ნ., 2015.  „დემოგრაფიისა და სოციოლოგიის პრობლემები“. შრომების კრებული.
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
  3. სოციალური მომსახურების სააგენტო. სტატისტიკა. 
  4. ქინქლაძე ი. (2014). საქართველოსმოსახლეობისჰიფსომეტრიულიგანაწილებისდინამიკა XX-ში (Doctoral dissertation, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).
  5. წულაძე გ., სულაბერიძე ა., 2016 „საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები“.
  6. Amos, B., McDonald, M. P., & Watkins, R. (2017). When Boundaries Collide: Constructing a National Database of Demographic and Voting Statistics. Public Opinion Quarterly81(S1), 385-400.
  7. Zhang, J. (2017). The evolution of China's one-child policy and its effects on family outcomes. The Journal of Economic Perspectives31(1), 141-159.
  8. Bacci, M. L. (2017). A concise history of world population. John Wiley & Sons.
  9. Norheim, O. F., Jha, P., Admasu, K., Godal, T., Hum, R. J., Kruk, M. E., ... & Suraweera, W. (2015). Avoiding 40% of the premature deaths in each country, 2010–30: review of national mortality trends to help quantify the UN Sustainable Development Goal for health. The Lancet385(9964), 239-252